დანიის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების საპასუხოდ, ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, ბალტიის ზღვაში საზენიტო ფრეგატს და დამატებით სადაზვერვო საშუალებებს გააგზავნიან.
ნატო-ში ამბობენ, რომ კიდევ უფრო აძლიერებენ დაკვირვებას ახალი საშუალებების გამოყენებით. ალიანსში არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ქვეყნები უზრუნველყოფენ ამ საშუალებებს.
ახალი ძალები მხარს დაუჭერენ ნატო-ს მისიას სახელწოდებით „ბალტიის მცველი“, რომელიც იანვარში დაიწყო, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების, გაზსადენებისა და სატელეკომუნიკაციო ხაზების დაზიანების საპასუხოდ.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ნატო-ს უკვე ჰყავს ბალტიის ზღვაში დისლოცირებული ფრეგატები, საპატრულო თვითმფრინავები და საზღვაო დრონები. სექტემბერში ასევე დაიწყო ნატო-ს მისია „აღმოსავლეთის მცველი“, რომელიც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრებას ისახავს მიზნად.