აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნახევარგამტარებზე ტარიფები უახლოეს მომავალში ამოქმედდება, თუმცა ისეთ პროდუქტებზე ტარიფებთან დაკავშირებით, როგორიცაა iPhone-ები და პლანშეტები, გარკვეული „მოქნილობა“ იმოქმედებს.
„ტარიფები არც ისე შორეულ მომავალში ამოქმედდება. როგორც ფოლადის, ავტომობილების, ალუმინის შემთხვევაში გავაკეთეთ - რომლებიც ახლა სრულად მოქმედებს - იგივეს გავაკეთებთ ნახევარგამტარებთან, ჩიპებთან და სხვა მრავალ პროდუქტთან დაკავშირებით და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. გვინდა, რომ ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა ნივთები ჩვენს ქვეყანაში დავამზადოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ტარიფს მომდევნო კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.
მისივე თქმით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფები ძალიან სწრაფად გამოცხადდება.
„ვაპირებთ, რომ ჩვენი მედიკამენტები შეერთებულ შტატებში დავამზადოთ, რათა ომის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა შემთხვევაში, არ ვიყოთ დამოკიდებულნი ჩინეთზე და სხვადასხვა ქვეყნებზე, რაც კარგი იდეა არ არის“, - თქვა ტრამპმა.
iPhone-ებსა და პლანშეტებზე მოსალოდნელ ტარიფებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა უპასუხა: „ძალიან მალე გამოცხადდება და ჩვენ ამას განვიხილავთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით კომპანიებს. გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინო. არავინ უნდა იყოს ასეთი ხისტი“.
შეგახსენებთ, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა პარასკევს განკარგულება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.