ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.
„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ტელეფონით ისაუბრეს ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. კიევში ვიზიტის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
"მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან - ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ", - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს.