მსოფლიო ფინანსური სიმდიდრის მოცულობა 2022 წლის ბოლოს 4%-ით, 255 ტრლნ დოლარამდე შემცირდა, რაც გლობალურმა ინფლაციამ და უკრაინის ომმა განაპირობა. ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BCG-ის მსოფლიო სიმდიდრის ყოველწლიურ ანგარიშში (Global Wealth Report) არის ნათქვამი.

რაც შეეხება ზრდას, მსოფლიო სიმდიდრე გასული წლის ბოლოსთვის მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. თუმცა წელს ანალიტიკოსები პოზიტიური დინამიკის აღდგენას მოელიან და 5%-მდე, ანუ 267 ტრლნ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ.

BCG-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მსოფლიო სიმდიდრის მოცულობა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად შემცირდა. კერძოდ, ფინანსური სიმდიდრის მთლიანი მოცულობა, რაშიც ფინანსური აქტივები, ვალდებულებები და რეალური აქტივები შედის, 255 ტრლნ დოლარამდე შემცირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

მსოფლიო სიმდიდრის მთლიანი მოცულობა, კერძო პირების სიმდიდრის ჩათვლით, შარშან 516 ტრლნ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მეტია, მაშინ, როცა 2021 წლის ბოლოს, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მთლიანი სიმდიდრე 10,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 530 ტრლნ დოლარს მიაღწია. გასული წლის ნეგატიურ ტენდენციას BCG გლობალური ინფლაციის რეკორდულად მაღალ ტემპსა და უკრაინის ომს უკავშირებს.

2022 წელს ფინანსური სიმდიდრე შემცირდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, პირიქით, ზრდა გრძელდებოდა. BCG-ის შეფასებით, გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გასულ წელს ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში რუსული აქტივების მნიშვნელოვანი გადინება დაფიქსირდა, რის შედეგადაც 2022-2027 წლებში ახლო აღმოსავლეთმა ფინანსური აქტივების ყველაზე მაღალი, ანუ 9,6%-იანი საშუალო წლიური ზრდა აჩვენა. ზრდის მხრივ მეორე ადგილს პლუს 9%-ით აზია, ძირითადად, ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის გამო იკავებს.

შვეიცარია ფინანსური ტრანსსასაზღვრო სიმდიდრისთვის კვლავ „მსოფლიოს ყველაზე დიდ ადგილად“ რჩება, სადაც თავმოყრილმა ოდენობამ 2.4 ტრლნ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე 2,2 ტრლნ დოლარით ჰონგ კონგი, მესამეზე კი 1,5 ტრლნ დოლარით სინგაპურია. ტოპ 10-ეულში, ასევე, შედის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული, ასევე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები და ბაჰამის კუნძულები.

BCG მოელის, რომ წელს ვითარება გამოსწორდება და მსოფლიო ფინანსური სიმდიდრე 5%-ით, 267 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022-2027 წლების საშუალო წლიური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. ანალიტიკოსები პროგნოზირებულ ზრდას „მაკროეკონომიკური მდგომარეობის წლევანდელ გაუმჯობესებასა და საფონდო ბირჟის აღდგენას“ უკავშირებენ.

bpn.ge