კრემლმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დაფინანსება შეუჩერა და მალე შეიძლება ურჩ დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. რუსული პროპაგანდა სეირს უყურებს და ოკუპირებული რეგიონის დასჯას გემოს ატანს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სოხუმმა მოსკოვისთვის სასურველი კანონები არ მიიღო.
რუსეთს მოთმინების ფიალა აევსო. აფხაზეთი დიდხანს იქცეოდა „ცუდად აღზრდილი ჭირვეული შვილივით, რომელიც პატივს არ სცემს იმას, ვინც აჭმევს“, - წერს პოპულარული პროკრემლისტური ტელეგრამარხი „Z ადეკვატი“.
„რუსეთმა დიდხანს ითმინა აფხაზეთის არაადეკვატური დამოკიდებულება რუსი ინვესტორებისადმი“, - იმავეს იმეორებს კიდევ ერთი პროპაგანდისტული არხი.
კრემლი აფხაზ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებსა და ექიმებს ხელფასებს პირველი სექტემბრიდან აღარ უხდის, ზამთარში კი ელექტროენერგიას (რომელსაც საქართველო უფასოდ აძლევს) საბაზრო ფასად მიჰყიდის.
ეს სასჯელია იმის გამო, რომ აფხაზეთმა არ აღიარა რუსული საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქცია, არ მისცა რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის უფლება, რუს ინვესტორებს კი - შეღავათები.
„ჭირვეულობა“ აფხაზმა ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს. მათ კრემლის სურვილები ქუჩაში გააპროტესტეს და აიძულეს ე.წ. პარლამენტი, კანონები გაეწვია.
გაწვეულ კანონებს შორის იყო კიდევ ერთი - კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ.
სანქციები დარჩება ძალაში მანამ, სანამ სოხუმი მოსკოვის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
აგვისტოს ბოლოს, აფხაზურმა ოპოზიციურმა წყაროებმა დაწერეს, რომ კრემლი ამზადებს კიდევ ერთ სასჯელს და აპირებს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას იმ აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციონერებს, რომლებიც მისი გავლენის გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან.
„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
ეს ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ კრემლის პროპაგანდის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, იგი სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.
პროპაგანდა ანგარიშსწორებას ითხოვს
„არასწორად იქცევა ყველა, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია რუსეთს ტალახი ასხას, აკრიტიკოს, და თან ნახოს ყველანაირი სარგებელი რუსეთის მოქალაქის სტატუსისგან. ისინი მისაღებს მიიღებენ“, - დაიმუქრა 7 სექტემბერს რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბორის ჩერნიშოვი.
ბოლო დღეებია, ამ სულისკვეთებას იზიარებენ როგორც გავლენიანი, ისე შედარებით უცნობი რუსი პროპაგანდისტებიც.
9 სექტემბერს აფხაზების დასჯას ითხოვდა პროპაგანდის ორი ბოსი: ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი.
ორივემ სამიზნეში აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო. სიმონიანმა თქვა, რომ ისინი დასავლეთის დაკვეთას ასრულებენ, სოლოვიოვმა კი დაამატა, რომ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ კმარა და სოხუმმა ისინი უნდა დააპატიმროს.
სოლოვიოვი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა დაპატიმრების ინიციატივით გამოდის
სოხუმს ერჩიან უკრაინაში ომის მხარდამჭერი ე.წ. Z-ბლოგერებიც.
თან რუსეთს „წველიან“, თან ეფლირტავებიან მოსკოვის მოწინააღმდეგეებს და ძირს უთხრიან ეკონომიკურ პროექტებს. „ეს პირუტყვობაა“, ამიტომ „აფხაზეთის მმართველობა უნდა დატოვოს ყველამ, ვინც რუსულ გავლენას ძირს უთხრიდა“, - წერს ბლოგერი იური კოტენოკი.
ტელეგრამარხი „საიდუმლო კანცელარია“ კი ისევ პროპაგანდის ძველ ფირფიტას ატრიალებს და ამტკიცებს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არეულობას ამზადებს.
მისი მტკიცებით, ისევე როგორც თბილისში, სოხუმშიც ეს „ადგილობრივი დესტრუქციული ოპოზიციის ხელით“ ხდება, რომელიც დასავლეთის მითითებებს ასრულებს.
ზოგი არხი იმასაც ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება იხეიროს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული უთანხმოებით.
ვრცლად: radiotavisupleba.ge