უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა 12 თებერვალს, რამშტაინის ფორმატის ფარგლებში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 33-ე შეხვედრაზე, 38 მილიარდ დოლარამდე ახალი სამხედრო დახმარება დააანონსეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ფედოროვმა თქვა, რომ საერთო დახმარება თითქმის 38 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 35 მილიარდი უკვე დადასტურებულია. მისი თქმით, დაფინანსების დიდი ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებასა და დრონების შესაძლებლობების გაფართოებას მოხმარდება.
სამიტამდე ფედოროვმა 2026 წლისთვის უკრაინის სამხედრო პრიორიტეტები დაასახელა, მათ შორის, რუსეთის დანაკარგების გაზრდა ბრძოლის ველზე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა, რათა კრემლისთვის ომის გაგრძელება უფრო რთული გახდეს.
ფედოროვის თქმით, ბოლო შეხვედრაზე 17-მა ქვეყანამ, მათ შორის, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა, დანიამ, ნიდერლანდებმა, კანადამ და ბელგიამ, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაღების პირობა დადო.
მინისტრის განცხადებით, 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინული დრონებისთვის გამოიყოფა, 500 მილიონ დოლარზე მეტი - უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) ინიციატივისთვის, ხოლო 2 მილიარდი დოლარი - საჰაერო თავდაცვისთვის.
ამასთანავე, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დააფინანსონ საბრძოლო მასალები, სამხედრო მომზადება და უკრაინის ჯარის საზღვაო შესაძლებლობები.
მისივე ინფორმაციით, უკრაინამ რამდენიმე ევროპელ მოკავშირესთან მიაღწია შეთანხმებას არსებული მარაგებიდან Patriot-ის ტიპის რაკეტების სასწრაფო მიწოდებაზე.
“პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს მკაფიო ამოცანა დაუსახა: შეიქმნას სისტემა, რომელიც მტერს ყველა მიმართულებით - ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში - შეაჩერებს და აგრესორის ეკონომიკას ასიმეტრიულად დაარტყამს, ჩვენი მიზანია, ეს ომი რუსეთისთვის აუტანლად ძვირი გავხადოთ” - დაწერა ფედოროვმა X-ზე.
ფედოროვის მიხედვით, დეკემბერში რუსეთმა რეკორდული, 35 000 დადასტურებული სამხედრო დანაკარგი განიცადა. მისი განცხადებით, უკრაინის მიზანია რუსეთის ყოველთვიური დანაკარგები მინიმუმ 50 000-მდე გაზარდოს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან გამოაცხადა მრავალშრიანი “მცირე” საჰაერო თავდაცვის სისტემისა და ახალი დრონების ჩამომგდები რაკეტების გამოშვება, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედი დრონების, მათ შორის, Shahed-ის ტიპის უპილოტო აპარატების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
რამშტაინის შეხვედრაზე ფედოროვმა წარადგინა 2026 წლისთვის დაგეგმილი 18 სტრატეგიული თავდაცვის პროექტი, მათ შორის, ადგილობრივად წარმოებული რაკეტებისთვის დაფინანსების გაზრდა და სპეციალიზებული დრონული თავდასხმის დანაყოფების შექმნა.
“ჩვენ უბრალოდ მასშტაბს კი არ ვზრდით; მოკავშირეებს ვიწვევთ ბრძოლის ველზე გამოცდილ ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, რომლებიც ფრონტის ხაზს ცვლის,” - განაცხადა მან.
მან ასევე მოკავშირეებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა და რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” სრულად დაბლოკვისკენ.
“ყოველი რუსული ტანკერის შეჩერება აგრესორის საომარი მანქანის გაჩერების ყველაზე სწრაფი გზაა,” - თქვა მან.