მოკავშირეების საჰაერო სივრცეების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, - ამის შესახებ განცხადებას NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ავრცელებს.

ესტონეთის მოწვევით გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, 19 სექტემბერს, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ალიანსის წევრებს ინფორმაცია ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსუს გრინკევიჩმა მიაწოდა.

„ეს შეჭრა რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევების ნაწილია. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო მე-4 მუხლის საფუძველზე შეიკრიბა“, - ნათქვამია განცხადებაში.

NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებით, რუსეთის ქმედებები ესკალაციის რისკებს ზრდის და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ნატო და ალიანსის წევრები თავის დასაცავად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებენ. მე-5 მუხლის მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ipn.ge