საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) და საკონსულტაციო კომპანია Oliver Wyman-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში არსებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემები აფერხებს ახალი თვითმფრინავებისა და ნაწილების წარმოებას. ეს ავიაკომპანიებს აიძულებს, გადახედონ ფლოტის გეგმებს და ხშირ შემთხვევაში, უფრო ძველი თვითმფრინავები უფრო დიდი ხნით შეინარჩუნონ ექსპლუატაციაში.

კვლევის, „კომერციული თვითმფრინავების მიწოდების ჯაჭვის აღდგენა“ (Reviving the Commercial Aircraft Supply Chain), თანახმად, მსოფლიო კომერციული შეკვეთების დაგროვებამ 2024 წელს 17,000-ზე მეტ თვითმფრინავს მიაღწია, რაც საგრძნობლად აღემატება 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 13,000 თვითმფრინავი წელიწადში).2

წარმოების ნელი ტემპის გამო, ავიაციის ინდუსტრიის დანახარჯები 2025 წელს $11 მილიარდსგადააჭარბებს. ამას ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

საწვავის დამატებითი ხარჯები (~$4.2 მილიარდი): ახალი თვითმფრინავების მიწოდების დაგვიანების გამო, ავიაკომპანიები იყენებენ უფრო ძველ, ნაკლებად საწვავის ეფექტურ თვითმფრინავებს.

დამატებითი ტექნიკური მომსახურების ხარჯები ($3.1 მილიარდი): გლობალური ფლოტი ბერდება, რის გამოც ძველი თვითმფრინავები უფრო ხშირ და ძვირადღირებულ მოვლას საჭიროებენ.

ძრავების იჯარის გაზრდილი ხარჯები ($2.6 მილიარდი): ძრავები უფრო მეტ დროს ატარებენ მიწაზე სარემონტო სამუშაოების გამო, რაც იწვევს მეტი სათადარიგო ძრავის იჯარით აღების საჭიროებას.

სათადარიგო ნაწილების შენახვის ხარჯები ($1.4 მილიარდი): მიწოდების ჯაჭვის არაპროგნოზირებადი შეფერხებების შესამცირებლად, ავიაკომპანიები უფრო მეტ სათადარიგო ნაწილს ინახავენ.

გარდა მზარდი ხარჯებისა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ხელს უშლის ავიაკომპანიებს, დააკმაყოფილონ მგზავრთა მზარდი მოთხოვნა. 2024 წელს მგზავრთა მოთხოვნა 10.4%-ითგაიზარდა, რამაც რეკორდული დატვირთვის კოეფიციენტი (83.5%) გამოიწვია.

IATA-ს გენერალური დირექტორის, უილი უოლშის თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მარტივი გზა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ქმედებები, რომლებსაც შეუძლია გარკვეული შვება მოიტანოს.

„ამჟამად ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ლოდინის პერიოდი თვითმფრინავებზე, ძრავებსა და ნაწილებზე, და არაპროგნოზირებადი მიწოდების გრაფიკები. ეს ყველაფერი ერთად წელს მინიმუმ $11 მილიარდით ზრდის ხარჯებს და ზღუდავს ავიაკომპანიების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნა.“

უოლში მოუწოდებს მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს, ითანამშრომლონ და მიიღონ ზომები:

გახსნან სათადარიგო ნაწილების ბაზარი: შეამცირონ დამოკიდებულება მწარმოებლების (OEM) მიერ ნაკარნახევ კომერციულ ლიცენზირებაზე და ხელი შეუწყონ მასალებისა და სერვისების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომას.

გააუმჯობესონ გამჭვირვალობა: შექმნან უფრო მკაფიო ხილვადობა მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე, რათა ადრევე გამოავლინონ რისკები და შეამცირონ შეფერხებები.

ვრცლად avianews.ge