სეისმური აქტივობის მკვეთრმა ზრდამ ვულკანურ კუნძულ სანტორინიზე, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია, შეშფოთება გამოიწვია და შესაბამისად, კუნძულზე სამაშველო ჯგუფების გაგზავნა განაპირობა.

ორშაბათს, 3 თებერვალს, სანტორინიში და მიმდებარე კუნძულებზე სკოლები დაიხურა, მოსახლეობას კი მობილურ ტელეფონებზე მეწყერული პროცესებით გამოწვეული საფრთხის შესახებ გაფრთხილებები გაუგზავნეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დილით ადრე, ტურისტები ბორნებში ჩასხდნენ და სანტორინი დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 200 წყალქვეშა მიწისძვრა მოხდა და კუნძულზე მიწის სიღრმიდან ყრუ ხმები ისმის. რამდენიმე სანაპირო ზონაში შესვლა აიკრძალა. ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში მცირე ზომის კლდეების ჩამოწოლა ჩანს.

„ბერძენი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიწისძვრები სანტორინის ვულკანთან კავშირში არ არის, მაგრამ სეისმური აქტივობის უეცარი ზრდა (ბევრი ბიძგი რიხტერის შკალით 4,5 ბალს აღემატება) შემაშფოთებელია“, - იუწყება ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“.

ამ ვიდეო კადრებში ჩანს კლდეების ჩამონგრევა ფირას ჩრდილოეთით მდებარე ელიტარული სოფლის, იმეროვიგლის შემოგარენში.

წყარო: 1 არხი