გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ ზაფხულში ჩაირიცხა. თუმცა, ფრანგულ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, მის ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ახალი ვარიანტი კი „ლევერკუზენი“ და „ევერტონია“ – ინფორმაციას გერმანული გამოცემა Fussballtransfers-ი ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით მხოლოდ „გალათასარაი“ არ არის დაინტერესებული. როგორც ირკვევა, თავდამსხმელი „ლევერკუზენისა“ და „ევერტონის“ სატრანსფერო სიაშიც არის. ცნობილია, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში რამე შეიცვალოს – „ლიონიდან“ წასვლა არც მიქაუტაძეს სურს და არც კლუბი გეგმავს 24 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტას.

„ლევერკუზენში“ ახალი თავდამსხმელის საჭიროება ჯერ არც ისე მწვავედ დგას. ამ სეზონში ვიქტორ ბონიფაციმ 8 გოლი გაიტანა (მან ცოტა ხნის წინ ტრავმა მიიღო და ვერ თამაშობს), პატრიკ შიკმა კი – 13.

მიქაუტაძე ივლისში „მეციდან“ ბავშვობის კლუბში დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. მანამდე საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში გავიდნენ, მიქაუტაძე კი სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლიონში“ მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად ვერ ხვდება, მან მაინც მოახერხა ყველა ტურნირზე შვიდი გოლის გატანა. კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი“, – წერს Fussballtransfers-ი.

1tv.ge