კომპანია Meta თავის სოციალურ პლატფორმებზე, „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „სრედზე“ ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმებასა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს, ხოლო მის ნაცვლად, „საზოგადოებრივი შენიშვნების“ ( Community Noes) ისეთივე სისტემის დანერგვას აპირებს, როგორიც ილონ მასკის პლატფორმა X-სთვის გამოიყენება.

კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის თქმით, მოდერაციის ამჟამად მოქმედი პრაქტიკა დაფუძნებულია საგანგებოდ შერჩეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების მიერ ფაქტების გადამოწმებაზე, თუმცა ასეთი ორგანიზაციები შესაძლოა, პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და შედეგად, მათ უფრო მეტად გაანადგურეს ნდობა, ვიდრე სარგებელი მოიტანეს.

ფაქტების გადამოწმების სისტემა 2016 წელს ამოქმედდა და სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტის სამართავად და პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

„მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტრამპი პირველად აირჩიეს, ტრადიციული მედია უწყვეტად წერდა იმის შესახებ, როგორ წარმოადგენდა დეზინფორმაცია საფრთხეს დემოკრატიისთვის. ჩვენ კეთილსინდისიერად ვცდილობდით ამ პრობლემების მოგვარებას ისე, რომ არ გავმხდარიყავით ჭეშმარიტების არბიტრები, მაგრამ ფაქტის გადამმოწმებლები უბრალოდ პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით აშშ-ში. ასე რომ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ, უფრო ყოვლისმომცველი „საზოგადოების შენიშვნების“ სისტემა დავნერგოთ. მეორეც, ჩვენ ვაპირებთ, გავამარტივოთ ჩვენი კონტენტის პოლიტიკა და გავაუქმოთ შეზღუდვები ისეთ თემებზე, როგორიცაა იმიგრაცია და გენდერი, რომლებიც უბრალოდ მოწყვეტილია მთავარი დისკურსისგან. ის, რაც დაიწყო, როგორც მოძრაობა უფრო მეტი ინკლუზიურობისკენ, სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა მოსაზრებების და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების ჩახშობისთვის და ეს ძალიან შორს წავიდა. ამიტომ, მინდა, დავრწმუნდე, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი რწმენისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენს პლატფორმებზე“, – აცხადებს ცუკერბერგი.

ცუკერბერგის თქმით, ის აპირებს, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპთან, რათა დაუპირისპირდნენ იმ ქვეყნების მთავრობებს, რომელთაც მიზანში ჰყავთ ამოღებული ამერიკული კომპანიები და მეტი ცენზურის დაწესებას ემხრობიან.

1tv.ge