ილონ მასკის ინფორმაციით, მის საკუთრებაში არსებულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, xAI-მ, სოციალური მედიის პლატფორმა X შეიძინა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება $33 მილიარდია.

შესყიდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, მასკმა აღნიშნა, რომ ის AI-ის სტარტაპს $80 მილიარდად აფასებს, ხოლო პლატფორმა X-ს $33 მილიარდად, ან $45 მილიარდად, თუ კომპანიის $12 მილიარდის ვალდებულებებსაც გავითვალისწინებთ. მასკმა, რომელმაც ჯერ კიდევ ყოფილი Twitter-ი 2022 წელს, $44 მილიარდად იყიდა განაცხადა, რომ შესყიდვის მიზანი xAI-სა და X-ის შორის „მონაცემების, მოდელების, გამოთვლების, განაწილებისა და ტალანტის“ კომბინაციაა.

თუმცა, მასკის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს კავშირი ამ გარიგებამდეც ჰქონდათ. მაგალითისთვის, X-ის AI-ჩატბოტი, Grok-ი xAI-ს მიერაა შემუშავებული, ხოლო xAI-ს ყველა თანამშრომელი X-ის თანამშრომელია, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე, როგორც The Verge წერს.

$80 მილიარდის შეფასებით, მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI, გარკვეულწილად უახლოვდება კონკურენტ AI-კომპანია OpenAI-ს, რომლის ღირებულებაც ამჟამად $157 მილიარდს აღწევს. თუმცა, ეს უკანასკნელი SoftBank-ის ხელმძღვანელობით გამართულ დაფინანსების რაუნდით, ღირებულების $300 მილიარდამდე გაორმაგებას გეგმავს.

რაც შეეხება ილონ მასკს, ის Forbes-ის შეფასებით კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია – $342.9 მილიარდით. მასკს მოსდევს Amazon-ის თანადამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, შესაბამისად, $209.2 მილიარდითა და $199.5 მილიარდით.

forbes.ge