Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მარსის მისიის გეგმები დროებით შეაჩერა და 2027 წლისთვის ხომალდის მთვარეზე დასმაზე ფოკუსირდება. აღნიშნულის შესახებ SpaceX-მა ინვესტორებს უკვე აცნობა. მარსზე გამგზავრებას კოსმოსური კომპანია მოგვიანებით ცდის.

WSJ-ის ინფორმაციით, SpaceX-ისთვის მთვარეზე დასაჯდომად სამიზნე თარიღი 2027 წლის მარტია, თუმცა ხომალდი ეკიპაჟის გარეშე იქნება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ SpaceX-მა ასევე მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, xAI-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გარიგებით SpaceX-ის ღირებულება $1 ტრილიონით განისაზღვრა, xAI-ის კი – $250 მილიარდით.

ცნობისათვის, ჯერ კიდევ გასულ წელს ილონ მასკი მარსზე უეკიპაჟო მისიის გაგზავნას 2026 წლის ბოლოსთვის აანონსებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანია აღნიშნული გარდამტეხი ქმედების განსახორციელებლად ტექნოლოგიურად მზად ჯერ კიდევ არ არის.

SpaceX-ი ამჟამად კოსმოსური ხომალდის, Starship-ის დახვეწის პროცესშია, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და მრავალჯერადი გამოყენებისაა. აღნიშნულ ხომალდს კომპანია სწორედ მთვარესა და მარსზე მისიებისთვის გამოიყენებს.

მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები მთვარის წარმატებული მისიების განხორციელებაში დიდ კონკურენციაში იმყოფება ჩინეთთან. ორივე სახელმწიფოს მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნება სურს. ბოლოს ადამიანი მთვარეზე 1972 წელს აშშ-ის კოსმოსური მისიის „აპოლო 11“-ის დროს იმყოფებოდა.

წყარო: forbes.ge