ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო რეგულაცია, რომელიც 500 ათასამდე მიგრანტს შეეხება.

ამ რეგულაციის მამხილებელი პოსტი ილონ მასკმა გადააზიარა და დაურთო: „ვაუ“.

ესპანეთის მთავრობის მეთაური, პედრო სანჩესი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეპასუხა ამ ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პოსტს, რომელშიც მაგნატმა გაკვირვება გამოხატა ესპანეთში დამტკიცებული საგანგებო რეგულაციის მიმართ. ეს რეგულაცია ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ეხებათ.

„მარსი მოიცდის, კაცობრიობა კი ვერა“, - დაწერა X-ზე ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა.

მილიარდერმა, რომელიც თავისი კომპანია „სფეის იქსის“ მეშვეობით მარსზე ხომალდის დასმას ცდილობს, გაკვირვების გამომხატველი ერთი სიტყვით - „ვაუ“ - გადააზიარა ერთ-ერთი მომხმარებლის შემდეგი შინაარსის პოსტი: „ახლახან ესპანეთმა, ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად, ქვეყანაში 500 ათასი არალეგალი მიგრანტის ყოფნა დააკანონა“.

„ეს უკვე საიდუმლო აღარ არის. ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად 500 000 არალეგალის დაკანონებით, პედრო სანჩესი, არსებითად, ნიღაბს იხსნის. ეს საარჩევნო ინჟინერიაა“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწის, იან მაილს ჩონგის პოსტში, რომელიც მასკმა გადააზიარა.

ამ პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს ოთახში მყოფი ფერადკანიანი ადამიანების დიდი ჯგუფი. ჩონგი წერს: „ლოგიკა მარტივია: მოახდინე ნახევარი მილიონი ადამიანის ლეგალიზება, დააჩქარე მათი გზა მოქალაქეობის მიღებისკენ, რასაც ბევრი უკვე ორ წელიწადშიც კი ახერხებს და თქვენ ეფექტიანად მოახერხებთ მრავალრიცხოვანი და ერთგული ამომრჩეველთა ბლოკის შექმნას, რომელიც მემარცხენეების მადლიერი იქნება“.

საგანგებო რეგულაცია 500 ათასამდე მიგრანტისთვის

მიგრანტების საკითხზე მიღებული საგანგებო რეგულაცია, რომელიც მთავრობასა და პარტია „პოდემოსს“ შორის შეთანხმდა და გასულ სამშაბათს სამეფო დეკრეტით დამტკიცდა, დაახლოებით 500 000 უცხოელს საშუალებას აძლევს, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მუშაობისა და ბინადრობის ნებართვები მიიღონ. ეს სანჩესის მთავრობის მიერ მიგრანტთა საკითხზე მიღებული პირველი რეგულაციაა, მაგრამ ესპანეთისთვის სიახლე მაინც არ არის, რადგან ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პერიოდში 7 მსგავსი რეგულაციაა დამტკიცებული. ბოლოს ასეთი რამ 2005 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო იყო. ის რეგულაცია დღემდე ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა, რადგან იმ აქტით 576 506-მა ადამიანმა ისარგებლა.

ახალი რეგულაციით სარგებლობა, რომლის მიზანი ესპანეთში არალეგალურად მცხოვრებ პირთა ლეგალიზება და ღირსების დაცვაა, იმ მიგრანტებს შეუძლიათ, ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყანაში, სულ მცირე ხუთი თვის განმავლობაში, უწყვეტად ცხოვრობდა, ან ვინც აღნიშნულ თარიღამდე მოითხოვა საერთაშორისო დაცვა.

რეგულაციის გასამართლებლად, მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ასეთი რამ სხვა დროსაც გაკეთებულა, ხოლო „სახალხო პარტია“ ხელისუფლების ქმედებას, უბრალოდ, „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს.

წყარო: 1 არხი