Meta-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ხელოვნური ინტელექტის მომავალთან დაკავშირებით 6 500-სიტყვიანი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც AI-ის განვითარებაზე საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა. მან ტექნოლოგიის განვითარების მთავარ მიმართულებად ინდივიდების გაძლიერება დაასახელა და ამასთან, ხელოვნური ინტელექტის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებაზეც ისაუბრა.
ცუკერბერგის წერილს, სახელწოდებით „მომავალი ყველასთვისაა: გზა პოზიტიური AI-მომავლისკენ“ (The Future is for Everyone: The Path to a Positive AI Future), თან ახლავს Meta-ს გეგმები ხელოვნური ინტელექტის ღია მოდელების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კომპანია კვლავ დაიწყებს ღია კოდის AI-მოდელების გამოშვებას, რადგან ეს ადამიანების გაძლიერების „პოზიტიური და მნიშვნელოვანი ძალაა“.
ცუკერბერგის შეფასებით, AI-ის განვითარების პროცესში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი როლი, რადგან ტექნოლოგიის ძალაუფლების მცირე ჯგუფის ხელში მოქცევამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
„თუ სუპერინტელექტი ადამიანების, ბიზნესების, მთავრობის ან თავად AI-ის მცირე რაოდენობის წარმომადგენლების ხელში იქნება, ეს ბუნებრივად გამოიწვევს შედეგებს, რომლებიც სხვა ყველასთვის ნაკლებად ხელსაყრელი იქნება“, – წერს Meta-ს ხელმძღვანელი.
ცუკერბერგი AI-ის რეგულირებაზე
ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის რეგულირების პროცესში აშშ-ის მთავრობის უფრო ადრეულ ჩართულობას ემხრობა. მისი თქმით, AI-ის ლაბორატორიებსა და მთავრობას შორის უნდა არსებობდეს „მჭიდრო პროაქტიული თანამშრომლობა“, ნაცვლად მკაცრი პროცედურებისა და წინასწარ განსაზღვრული განხილვის ვადებისა.
Meta-ს ხელმძღვანელმა ასევე გააკრიტიკა ე.წ. distillation-ის – ძლიერი AI-მოდელის ცოდნის გამოყენებით უფრო მცირე მოდელის შექმნის – მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია „ისწავლოს ყველაფრისგან, რასაც აკვირდება“. ცუკერბერგის პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში AI-მოდელების განვითარებისა და მათი გამოყენების გარკვეული ასპექტების უფრო მკაცრი კონტროლის საკითხი განიხილება.
აღსანიშნავია, რომ Meta თავადაც გეგმავს AI-მოდელების გამოშვების პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერებას. ცუკერბერგის თქმით, კომპანიის დირექტორთა საბჭოს ექნება შესაძლებლობა შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა ახალი მოდელები უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებსაც თავად საბჭო დაამტკიცებს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა სხვა კომპანიებმაც უნდა დანერგონ და საბოლოოდ ინდუსტრიის მასშტაბით ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდეს.
Meta AI-ინფრასტრუქტურაში ასობით მილიარდს ხარჯავს
ცუკერბერგის ხედვა AI-ის მომავალზე Meta-ს მიერ ტექნოლოგიაში განხორციელებულ მასშტაბურ ინვესტიციებსაც უკავშირდება. მიმდინარე ფისკალური წლისთვის AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაგეგმილი ხარჯები $145 მილიარდს შეადგენს. ამასთან, Meta-ს გრძელვადიანი გეგმა 2028 წლამდე AI-ინფრასტრუქტურაში დაახლოებით $600 მილიარდის დახარჯვას ითვალისწინებს.
ცუკერბერგის განცხადებით, Meta ასევე შექმნის $1 მილიარდის მოცულობის ფონდს – Future Is For Everyone Fund-ს, რომელიც კომპანიის მონაცემთა ცენტრების მხარდაჭერას მოხმარდება. მისი თქმით, Meta-ს მონაცემთა ცენტრები ისეა დაპროექტებული, რომ მსოფლიოში წყლის რესურსების მხრივ ყველაზე ეფექტიან ინფრასტრუქტურას შორის იყოს.
„AI-ლაბორატორიების უმეტესობა ორიენტირებულია ისეთი ორგანიზაციებისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, როგორიცაა კომპანიები, მთავრობები ან სხვა ინსტიტუტები. ამიტომ, თუ ეს ლაბორატორიები იქნებიან ლიდერები, ძალაუფლების ბალანსი უფრო დიდი ინსტიტუტების სასარგებლოდ გადაიხრება და არა – ინდივიდების“, – წერს ცუკერბერგი.
Meta-ს ხელმძღვანელის აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საბოლოო მიზანი სწორედ ინდივიდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა უნდა იყოს.
შეგახსენებთ, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ი 2004 წელს დააარსა, ხოლო კომპანია 2021 წელს Meta-დ გადაკეთდა. Forbes-ის შეფასებით, ორშაბათის მონაცემებით, მისი ქონება $206.2 მილიარდს შეადგენს.