ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მოუწოდებს გერმანიას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება. ამის შესახებ რუტემ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუტეს თქმით, მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათ შვილებს სკოლებში რუსულის სწავლა არ მოუწიოთ.

„რუსულის გაკვეთილები არ იქნება, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ წელს“, – განაცხადა რუტემ.

მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ბერლინმა კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას.

„გერმანიის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთონ. გერმანიამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, ეს აუცილებელი იქნება“, – ამბობს რუტე.

მან ასევე მოუწოდა ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას, გაზარდოს იარაღის წარმოება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა“, – განაცხადა რუტემ.

წყარო: 1tv.ge