მსოფლიოს 195 ქვეყანაში ყოველწლიურად 80-დან 90 მილიონამდე ახალი მანქანის რეალიზაცია ხდება. ამ მანქანების ნახევარზე მეტი (54%) იყიდება აზიაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა - 59% ცხოვრობს. სხვა რეგიონებში, როგორიცაა აშშ და კანადა, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, მაგრამ მანქანების გაყიდვები - 19%-ს აღწევს. ამის შესახებ Motor1.com წერს.
ზოგიერთი ქვეყანა საკმაოდ მოწინავეა ტექნოლოგიის თვალსაზრისით. სხვა ქვეყნები ჩამორჩებიან რეგულაციის კუთხით და მშპ სექტორის მნიშვნელობით.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, იაპონია, კორეა, ჩინეთი ამ მხრივ ძალიან კარგ პოზიციებზე არიან. მათ აქვთ ძლიერი მარეგულირებელი, სავაჭრო, საგადასახადო, საწარმოო და კვლევითი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც, ახალი მანქანების ძირითადი ნაწილი ამ ბაზრებიდან მოდის.
ამ ბაზრების უკან დგას ქვეყნები, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ მიმზიდველი გახდნენ უცხოური ინვესტიციებისთვის. ინდოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აფრიკა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ბაზრები თავიანთ საავტომობილო ლანდშაფტს უფრო ეფექტური და მოქნილი რეგულაციებით აუმჯობესებენ და უადვილებენ ავტომწარმოებლებს ინვესტირებას.
ყველაზე ცუდი საავტომობილო ინდუსტრიის მქონე ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც იზოლირებულნი არიან ვაჭრობის თვალსაზრისით, ან სადაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო წარმოება თითქმის შეუძლებელია.
მაგალითად, ირანში ეკონომიკა დიდწილად დაბლოკილია საერთაშორისო სანქციებით, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი და კონკურენტუნარიანი მანქანების კონკურენტულ ფასებში იმპორტს.
აფრიკის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილიც დიდ სირთულეებს განიცდის. მოსახლეობის ძალიან დაბალი შემოსავლის გათვალისწინებით, მეორადი მანქანების უზარმაზარი იმპორტი ახალ მანქანებს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. აფრიკელების უმეტესობას ახალი მანქანის შეძენა არ შეუძლია. შედეგად, ქუჩები ძველი ავტომობილებითაა სავსე.
გამოცემა წერს, რომ ამ მხრივ რუსეთიც რთულ მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც დასავლურმა ავტომწარმოებლებმა ბაზარი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვეს, ადგილობრივი წარმოება მცირდება. ბაზარზე რამდენიმე მცირე კომპანიაა დარჩენილი, რომლებსაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია არ გააჩნიათ. გარდა ამისა, რუსული ბაზარი ნელ-ნელა იქცევა ჩინელი მწარმოებლებისთვის სატელიტურ ბაზრად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს უახლოეს მომავალში დიდი არჩევანი არ ექნება.