ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიატოვონ „აშშ-ს ბედნიერი ვასალობა“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლისაბონში. მის სიტყვებს Le Monde ავრცელებს.

„მე ვხედავ ბევრ ადამიანს ჩვენს ევროპაში, რომლებიც ამბობენ – ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ამერიკელების მიმართ, ეს გაივლის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ პასუხი არ არის მორჩილებაში და მე არ ვარ ვასალობის მომხრე“, – თქვა მაკრონმა.

მაკრონმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე მიღწეული შეთანხმება, ასევე, გაიხსენა ტრამპთან უკრაინაზე საუბარი.

„მე ვცდილობდი, ამეხსნა უკრაინის მნიშვნელობა და მისი ეგზისტენციალური ბრძოლა სუვერენიტეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25 პროცენტიანი ტარიფები ევროკავშირის საქონელზე და მოუწოდა ნატოს წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5 პროცენტამდე. მან ასევე წამოიწყო რუსეთთან უპრეცედენტო დაახლოება, რამაც გააჩინა „შიში უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ უკრაინელებისა და ევროპელების ზურგს უკან“, - აღნიშნავს Le Monde.