ცნობილი გახდა, რომ გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ არეულობაა – ვეტერანი ფეხბურთელების ნაწილი გაბრაზებულია, რომ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდებს ათამაშებს. Le Progrès-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უფრო დეტალურად გამოცემა Footmercato წერს.

„ლიონის“ რამდენიმე ვარსკვლავი პაულო ფონსეკაზე გაბრაზებულია

„ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ლიონში“ რამდენიმე ვარსკვლავი მწვრთნელის გადაწყვეტილებების გამო განაწყენებულია. გასული კვირის შემდეგ, როდესაც გუნდი ჯერ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში – „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (4:5), ხოლო შემდეგ ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენთან“ (1:2) დამარცხდა, „ლიონში“ კრიზისია. კრიტიკის ობიექტი ჯერ გენერალური მენეჯერი ლორან პრუდომი გახდა, ხოლო შემდეგ პაულო ფონსეკას გადაწყვეტილებებსაც გადასწვდნენ და, მათ შორის, „მანჩესტერთან“ ძირითად შემადგენლობაში პოლ აკოკოს დაყენება გააკრიტიკეს.

ვითარება გუნდის გასახდელშიც დაიძაბა. ფონსეკას გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავენ კლუბის ვეტერანები ალექსანდრ ლაკაზეტი და კორენთინ ტოლისო. მათ არ მოსწონთ, რომ მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს – რაიან ჩერკის, გიორგი მიქაუტაძესა და მუსა ნიახატეს უფრო ენდობა. ფონსეკას „მილანში“ გატარებულ პერიოდსაც ახსენებენ, სადაც მწვრთნელს ავტორიტეტულ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ ძირითად შემადგენლობაში, ნემანია მატიჩის ნაცვლად, პოლ აკოკოს დაყენებამ სერბი მცველისა და ფონსეკას ურთიერთობა სერიოზულად დააზიანა. მატიჩს „ლიონთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ძნელი სათქმელია, აქვს კი მას მომავალი გუნდში ფონსეკას მწვრთნელობის პერიოდში? ამავე დროს, საკითხვია, თავად პორტუგალიელი თუ შეინარჩუნებს თანამდებობას ზაფხულამდე, მისი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით?

ყველას ერთი კითხვა აწუხებს: არის თუ არა რისკი, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ლიონში“ ვითარება აირიოს?“ – წერს ფრანგული გამოცემა.

1tv.ge