ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ელეგიუს პაულავიჩუსი, რომელიც ივნისში თანამდებობას ჩამოაშორეს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სამხედრო სამსახურს ტოვებს. ამის სანაცვლოდ, შეწყდება გამოძიება, რომელსაც დაქვემდებარებულების მიმართ პაულავიჩუსის მოპყრობის საკითხი უნდა შეესწავლა. ეს ინფორმაცია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 5 აგვისტოს გაავრცელა.

სამინისტროს განმარტებით, პოლკოვნიკ პაულავიჩუსთან შეთანხმება მიღწეულ იქნა „შიდა ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, რამაც შეიძლება სამხედრო დაზვერვას ზიანი მიაყენოს“.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე სხვა კომენტარები აღარ გაკეთდება.

ივნისში დაწყებული შემოწმების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა დაასკვნა, რომ პაულავიჩუსის ქმედებები, შესაძლოა, შეიცავდეს ფსიქოლოგიურ ძალადობას და სამსახურებრივ ბულინგს დაზვერვის ოფიცრების მიმართ.

გარემოებების შემდგომი დადგენის მიზნით, ოფიციალური გამოძიება გასულ პარასკევს დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე შეწყვეტილია.

ივნისის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ მეორე საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობას ჩამოაშორა და დროებით, პროფესიული სამხედრო სამსახურის რეზერვში გადაიყვანა.

მინისტრის განმარტებით, მან ეს ნაბიჯი შემდეგ გადადგა, რაც თანამშრომლებისგან მიიღო საჩივრები „ძალიან სერიოზული დარღვევების“ შესახებ და გადაწყვიტა, რომ პაულავიჩუსი სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე აღარ დაეტოვებინა, სანამ დაქვემდებარებულების მიმართ მისი დამოკიდებულების საკითხი არ გაირკვეოდა.

დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში უფლებამოსილების ვადა ისედაც ეწურებოდა.

სიტუაციის განხილვის შემდეგ, პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა პაულავიჩუსის თანამდებობაზე აღდგენისა და საჩივრების განხილვის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ შაკალიენემ ამაზე უარი თქვა.

პაულავიჩუსმა რეზერვში მისი გადაყვანა სასამართლოში გაასაჩივრა.

წყარო: 1tv.ge