სამშაბათს, 9 დეკემბერს, ლიეტუვის მთავრობამ, ბელარუსიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე რეგულარულად გაშვებული საჰაერო ბუშტებისგან მომდინარე მზარდი საფრთხის საპასუხოდ, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაცია (ekstremali situacija) გამოაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობა ცხადდება არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის შეფერხების, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციის საჭიროების გამო“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადისლავ კონდრატოვიჩმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა იმიტომ ცხადდება, რომ ბელარუსიდან ლიეტუვისკენ რეგულარულად უშვებენ კონტრაბანდული საქონლის გადამტან საჰაერო ბუშტებს, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.

საგანგებო სიტუაციის ოპერაციულ მენეჯერად კონდრატოვიჩი დაინიშნა.

მისი თქმით, მიღებული ზომები მიზნობრივია და მან საზოგადოებას, წესით, შეფერხებები არ უნდა შეუქმნას.

ვლადისლავ კონდრატოვიჩიფოტო: ე. ბლაჟისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე შეარყიოს საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. როგორც დადგენილების თანმხლებ დოკუმენტებშია ნათქვამი, საჭიროა უფრო მჭიდრო კოორდინაცია იმ უწყებებს შორის, რომლებიც კრიზისის მართვასა და მისი შედეგების აღმოფხვრაზე არიან პასუხისმგებელნი.

სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაცია იმდენად რთულია, რომ შეიძლება ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ჩართულობა მოითხოვოს.

სამხედროების უფლებამოსილებები იზრდება

ლიეტუვის მთავრობამ სამშაბათს ასევე დაამტკიცა ზომა, რომლითაც, საგანგებო სიტუაციის დროს, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დამატებით უფლებამოსილებები ენიჭება.

დადგენილების თანახმად, ჯარისკაცებს შეეძლებათ, სამართალდამცავებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებასა და მისი შედეგების შემსუბუქებაში დაეხმარონ. მათ უფლება ექნებათ, გასცენ სავალდებულო ბრძანებები ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის; დაედევნონ და დააკავონ პირები, რომლებიც უგულებელყოფენ ამ ბრძანებებს ან ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულის ან სხვა დარღვევების ჩადენაში; შეზღუდონ წვდომა გარკვეულ ტერიტორიებზე; შეაჩერონ კონკრეტულ ადგილებში მიმდინარე სამუშაოები; შეზღუდონ ან აკრძალონ სატრანსპორტო მოძრაობა; შეამოწმონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, სატრანსპორტო საშუალებები, იარაღი და პირადი ნივთები. მათ ასევე მიეცათ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების უფლება.

კონტრაბანდული საქონლის გადამტანი საჰაერო ბუშტებიVSAT

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, უფლებამოსილებების გაფართოება იმიტომ გახდა საჭირო, რომ საჰაერო ბუშტები სულ უფრო ხშირად აფერხებენ ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობას და დიდ რისკებს უქმნიან სამოქალაქო ავიაციას. წინადადება პარლამენტს (სეიმს) დაჩქარებული წესით წარედგინება. მისი დამტკიცების შემთხვევაში, გაფართოებული უფლებამოსილებები სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ დადგენილების შესრულებას, შესაძლოა, დამატებითი სახელმწიფო სახსრები დასჭირდეს, თუმცა ზუსტი საჭიროებები მხოლოდ საგანგებო რეაგირების დროს გამოიკვეთება. უწყების თქმით, ამ მიზნით სახელმწიფო რეზერვის თანხების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

„ჰიბრიდული თავდასხმა“

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ გასულ კვირას აღნიშნა, რომ საჭიროა სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღება, რათა ერთობლივმა რეაგირების ჯგუფებმა უფრო მარტივად შეძლონ კონტრაბანდის შემომტანი საჰაერო ბუშტებისთვის გზის გადაჭრა. მან არც „უფრო მკაცრ საგანგებო მდგომარეობაზე“ გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა, რომლის დაწესებაც მხოლოდ პარლამენტს შეუძლია.

ბელარუსიდან შემოსულმა საჰაერო ბუშტებმა ბოლო თვეებში ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა ათჯერ შეაფერხეს, ერთხელ კი კაუნასის აეროპორტის საქმიანობაზე მოახდინეს გავლენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 600 კონტრაბანდული საჰაერო ბუშტი და 200 დრონი შევიდა. ინციდენტებმა შეაფერხა 300-ზე მეტი რეისი, გავლენა იქონია 47 000 მგზავრზე და ჯამში, დაახლოებით 60 საათით აეროპორტების დახურვა გამოიწვია.

ლიეტუველმა ოფიციალურმა პირებმა კონტრაბანდის გადამტანი საჰაერო ბუშტებით გამოწვეული ინციდენტები ბელარუსის მთავრობის მხრიდან „ჰიბრიდულ თავდასხმად“ შეაფასეს.