18 მარტიდან ლიეტუვამ გააძლიერა კონტროლი რუსეთიდან და სხვა „მაღალი რისკის“ ქვეყნებიდან ქვეყანაში შეტანილ საკვებ მარცვლებზე. ამის შესახებ ლიეტუვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, შემოწმდება თითოეული ვაგონი ან სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს მარცვლეული, რომელიც განკუთვნილია როგორც ლიეტუვის ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის კლაიპედას პორტის გავლით. პროდუქტები შემოწმდება პესტიციდების ნარჩენების, მიკოტოქსინების და ლითონების (ტყვიის, კადმიუმის) არსებობაზე.

უახლოეს მომავალში მიიღება ახალი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მკაცრ კონტროლთან დაკავშირებით - შემდეგ შემოწმდება ლიეტუვის გავლით ტრანსპორტირებული მარცვლეულის წარმომავლობაც.

„მაღალი რისკის“ სიაში შედის რუსეთი, ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკა, ასევე ყირიმი და რამდენიმე სხვა ტერიტორია.