12 ნოემბერს, ლიეტუვას პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მესაზღვრე პოლიციელებს დრონებისა და სხვა მფრინავი ობიექტების ჩამოგდების უფლებას აძლევს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უპილოტო საფრენ აპარატებთან და საჰაერო (მეტეოროლოგიური) ბურთებთან დაკავშირებული ინციდენტების სერია, რომლებითაც ბელარუსიდან კონტრაბანდული საქონელი გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მათგანმა ვილნიუსამდეც კი მიაღწია.
ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვიტალი დმიტრიევის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დრონებისა და მეტეოროლოგიური აეროსტატების გამოყენების გზით კონტრაბანდის აღკვეთას.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე საშუალებას მისცემს შესაბამის უწყებებს, დააწესონ ფრენისთვის აკრძალული ზონები ურბანული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტიდან ერთი კილომეტრის რადიუსში და სამი კილომეტრის რადიუსში, - თუ ის სოფლად მდებარეობს.
წელს ბელარუსიდან ლიეტუვას საჰაერო სივრცეში 351 მეტეოროლოგიური აეროსტატი შეფრინდა, საიდანაც 138 აღმოაჩინეს და დააკავეს.
ლიეტუვას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის (VSAT) მონაცემებით, კონტრაბანდისტების მიერ მეტეოროლოგიური ბუშტების გამოყენების შემთხვევები ბოლო სამი კვირის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა.
წყარო: 1tv.ge