ლიუტუვას სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყანაში წარმოებული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც ლიეტუვაში დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს, ორგანიზება გაუკეთა რუსეთის კვლევითი და სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის, თავდაცვის მრეწველობისა და უსაფრთხოების დაწესებულებებისთვის, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურებისთვის ამ აღჭურვილობის მიწოდებას.

ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (VSD), საერთაშორისო სანქციების ან შემაკავებელი ზომების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

14 იანვარს, ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის (SRFP) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემებში მონაწილე პირები დააკავეს და ეჭვმიტანილები და მოწმეები დაკითხეს.

დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ერთი თვით წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა, დანარჩენი ეჭვმიტანილების მიმართ კი აღკვეთის სხვა ზომები იქნა გამოყენებული.

ბრალი 10 პირს აქვს წაყენებული. გამოძიება ლიუტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის და ევროჯასტში (Eurojust) ლიეტუვას წარმომადგენლებთან კოორდინაცის ფარგლებში ტარდება.

„საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის გზით ლიეტუვური პროდუქციის მისაღებად, რუსული ორგანიზაციები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე ლიეტუვური კომპანიების პროდუქცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში ჩართულ იმ რუსულ ორგანიზაციებს აინტერესებთ, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობენ ხელს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, წინასწარი გამოძიება იძლევა საკმარის საფუძველს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის მოქალაქე აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის უსაფრთხოებასთან და თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან და შექმნა სქემები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

მას, სავარაუდოდ, რუსეთში გააჩნდა საქმიანი კონტაქტების ფართო ქსელი, იღებდა შეკვეთებს რუსული ორგანიზაციებისგან და ახერხებდა მათთვის ისეთი აღჭურვილობის მიწოდებას, რომლის ექსპორტი, ევროკავშირის სანქციების გამო, აკრძალულია.

„სანქციებისთვის გვერდის ავლის ძირითადი ტაქტიკა უცვლელი რჩება. ამ მიზნით იქმნება შუამავლების გრძელი ჯაჭვები, გამოიყენება მესამე ქვეყნებში მოქმედი კომპანიები და ის რუსული საწარმოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს. მათი მეშვეობით ხდება საქონლის გადაცემა რეალური მიმღებებისთვის - რუსეთის უსაფრთხოებასთან და თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის“, - აცხადებენ ლიეტუველი სამართალდამცავები.

„სანქციების თავიდან აცილების კონკრეტული შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, რუსული ორგანიზაციები ან მათი შუამავლები სანქციებისთვის გვერდის ავლის ახალი გზების ძიებას იწყებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ მსგავსი დანაშაული ჯარიმით, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: 1არხი