2026 წლიდან რუსულენოვან ბეჭდვით პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 21%-მდე გაიზრდება - ასე გადაწყვიტა ლატვიის მთავრობამ. „ეს დარტყმაა ლატგალიაში მოქმედი ადგილობრივი გამოცემებისთვის“, - ამბობს ლატვიის რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი და Neatkarīgo Tukuma Ziņas-ის რედაქტორი, ივონა პლაუდე. მისი აზრით, ლატგალიის ოლქში რუსულ ენაზე კითხვის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ლატგალიაში განსაკუთრებული სიტუაციაა. აქ არის სამი გაზეთი, რომელიც რუსულ ენაზე გამოდის: Ezerzeme კრასლავას მხარეში, Latgales Laiks, რომელიც ლატვიურადაც გამოდის და რუსულადაც, და Rēzeknes Vestis. აქ ადგილობრივ პრესას აფასებენ და ენდობიან. ეს გაზეთები ისედაც გადარჩენის ზღვარზე იყვნენ, ახლა კი კიდევ ერთი დარტყმა მიადგათ“.

პლაუდეს თქმით, ლატვიის რეგიონებში, განსაკუთრებით კი ლატგალიაში, საკმაოდ ბევრია ისეთი ხალხი, რომლებიც ბეჭდვითი პრესიდან ციფრულ მედიაზე ჯერ კიდევ არ გადასულან. საუბარია არა მხოლოდ მათზე, ვინც რუსულად კითხულობს, არამედ ლატვიელებზეც.

„ეს ხალხი არც ისე ცოტაა. მათთვის ტრადიციული ბეჭდვითი პრესა კვლავ რჩება ერთგვარ ფანჯარად მსოფლიოში. ადგილობრივ პრესას ისინი მოუთმენლად ელიან და ძალიან ენდობიან მას. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ რუსულ ენაზე პრესის შენარჩუნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.

პლაუდეს აზრით, რუსულენოვანი პრესისთვის დღგ-ის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვან ფულად შემოსავლებს არ მოიტანს. სამაგიეროდ, თავად გამოცემებისთვის ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება - მათი ხარჯები 5-დან 7 ათას ევრომდე გაიზრდება. შესაძლოა, ზოგიერთი გამოცემა უფრო თხელი გახდეს ან უფრო იშვიათად გამოვიდეს. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ასოციაცია ამ გამოცემების მაქსიმალურად დახმარებას აპირებს.

წყარო:  1არხი