„ლატვიის რადიოს“ მიერ 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პარლამენტში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ლატვიაში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის საკითხი განიხილება.

პარლამენტში კანონპროექტი ფრაქცია „ახალი ერთობის“ დეპუტატებმა და იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად წარადგინეს. კანონპროექტზე საუბრისას, პარლამენტარმა აგნესე კრასტამ („ახალი ერთობა“) ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მიზანი ჰიბრიდული ომის ელემენტების შემცირებაა, რომლებიც ზიანს აყენებენ ლატვიის ინტერესებს. ერთ-ერთ ასეთ საფრთხის შემცველ ქმედებად დეპუტატმა აგრესორი ქვეყნების მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა დაასახელა.

„ჩვენ პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ. ერთ-ერთი საფრთხისშემცველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა. ამიტომ, უნდა მივიღოთ ზომები, რათა ლატვიისთვის მიუღებელმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა თავიანთი გავლენა და ყოფნა არ გაზარდონ“, - განაცხადა კრასტამ.

რამდენადაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები უძრავ ქონებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყიდულობენ, იზრდება ამ ქვეყნების (რუსეთის და ბელარუსის) წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკი. ამიტომ, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ლატვიაში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვა გავრცელდება როგორც ამ ორი აგრესიული ქვეყნის ფიზიკურ პირებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. აკრძალვა მათ გარიგებებსა და ტრანზაქციებაც შეეხება, მაგრამ უკუქმედების ძალა არ ექნება.

გასულ კვირას ფინეთის მთავრობამაც გადადგა ლატვიის მსგავსი ნაბიჯი და ანალოგიური რეზოლუციის მიღებასთან ისიც ახლოს არის. რუსეთთან მისი საზღვრის სიგრძე 1300 კილომეტრზე მეტია. გასულ წელს ფინეთმა რუსეთთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების მიერ განხორციელებული უძრავი ქონების არაერთი ტრანზაქცია დაბლოკა.

ლატვიის მიმართ სანქციების ქვეშ მყოფი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესი კარგად ჩანს მიწის რეესტრში შეტანილი ინფორმაციებიდან. რეესტრში ინფორმაციის შეტანის ვალდებულება მხოლოდ მიმდინარე წლიდან არსებობს. იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ლაილა პაეგლკალნა აცხადებს: „1 იანვრიდან დავაფიქსირეთ ინფორმაცია 38 შემთხვევის შესახებ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიაში უძრავი ქონება შეიძინეს. ეს არის დიდი რიცხვი, გარკვეული სიგნალი. ადრე ასეთი მონაცემები არ გვქონდა“.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში ორი კანონპროექტი იყო შეტანილი, რომლებსაც იდენტური მიზნები და ამოცანები გააჩნდათ. კომისიის წევრთა უმრავლესობამ უარყო „ეროვნული ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი მეორე კანონპროექტი, რომელიც „ახალი ერთობის“ დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მერე შემუშავდა. კომიტეტმა ორივე კანონპროექტზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ ორივე დოკუმენტის განხილვის საფუძველი და საჭიროება არ არსებობდა.

წყარო: 1tv.ge