იტალიის ჩემპიონატში „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა. „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდიდან წასვლის მსურველ ხვიჩა კვარაცხელიაზე მისი ნათქვამი ზოგიერთმა გამოცემამ არასწორად გაავრცელა.

„ერთი რამ მინდა განვმარტო. მგონია, რომ იტალიურად ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ნათქვამი ყველას კარგად არ ესმის ან ბოლო პრესკონფერენციაზე ვერ გაიგეს. მაშინ იმედგაცრუებაზე ვილაპარაკე არა იმიტომ, რომ კვარაცხელიამ იმედი გამიცრუა მე ან კლუბს, არამედ ვგულისხმობდი ჩემს პირად იმედგაცრუებას, რადგან ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ვიქონიე.

დღეს წავიკითხე რამდენიმე გამოცემის სათაური, რომელიც არ მომეწონა. მწვრთნელს უნდა შეეძლოს მოთამაშის დარწმუნება, რათა კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღოს. ვწუხვარ, რომ ხვიჩაზე ასეთი გავლენა ვერ მოვახდინე. მეგონა, ზაფხულში დარჩენის აუცილებლობაში დავარწმუნე. ალბათ ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი.

საწყენია კვარაცხელიას დაკარგვა. ის დიდი მოთამაშე და ძალიან კარგი ბიჭია. ჯერ კიდევ „ნაპოლის“ ფეხბურთელად ითვლება და ეს არ უნდა დავივიწყოთ. თუმცა წინსვლა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ და არ უნდა გავჩერდეთ“, – განაცხადა კონტემ.

პირველი არხი