რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„რუმინეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისთვის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მე რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

კლაუს იოჰანისი რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს.

გასულ თვეში რუმინეთის სამმა ულტრამემარჯვენე პარტიამ იოჰანისის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვა და პარლამენტში კენჭისყრა 11 თებერვალს უნდა შემდგარიყო.

ცნობისთვის, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა. არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლაუს იოჰანისი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა დარჩენილიყო.

რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

ipn.ge