რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის „ბირთვული რიტორიკა“ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

„რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა რუსეთის მიმართ. თუ ის ჩვენ საფრთხედ გვთვლის, აწყობს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის გენშტაბების უფროსების შეკრებას, ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადება, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, მაკრონი „პერიოდულად აცხადებს, რომ დაურეკავს პუტინს, აუცილებლად გაესაუბრება მას“. ლავროვის განცხადებით, „ასეთი შესაძლებლობები არსებობს, არავინ კრძალავს, პირიქით, პუტინი მუდმივად ხაზს უსვამს ღიაობას ყველა კოლეგასთან კონტაქტისთვის“.

თავის მხრივ, პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ემანუელ მაკრონის განცხადებებს კონფრონტაციული უწოდა. მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერის კომენტარებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარიზი ომის გაგრძელებისკენ ისწრაფვის.

„მაკრონის გამოსვლას თუ წავიკითხავთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საფრანგეთს ნამდვილად სურს ომის გაგრძელება. უფრო მეტიც, საფრანგეთი უკვე მზადაა, გამოიყენოს თავისი ბირთვული შეიარაღება უსაფრთხოების საქმეში. ეს უკვე ბირთვული რიტორიკაა, ეს არის პრეტენზია ევროპაში ბირთვულ ლიდერობაზე.  ეს არის ძალიან და ძალიან კონფრონტაციული“, – განაცხადა პესკოვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

1tv.ge