რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მეგობრული, გულითადი და საქმიანი იყო.

„საუბარი ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მეგობრული, გულითადი და საქმიანი იყო. ის ხასიათდებოდა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებისკენ სწრაფვის ორმხრივი ინტერესით“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, საუბარი ტრამპის ინიციატივით შედგა და მას სურდა პუტინთან რამდენიმე საკითხის განხილვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე.

უშაკოვის მტკიცებით,პრეზიდენტები მსგავს შეხედულებებს იზიარებენ, რომ რეფერენდუმის საბაბით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ გაახანგრძლივებს კონფლიქტს.

„ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულებაში. სწორედ ამის გათვალისწინებით აპირებს ის ზელენსკისთან დღევანდელი მოლაპარაკებების აგებას“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი ინფორმაციით, პუტინი დაეთანხმა ტრამპის წინადადებას, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა გაგრძელდეს უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

ამასთან, უშაკოვის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების სამუდამოდ დასასრულებლად კიევს დონბასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

მისი ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ კვლავ ისაუბრებენ.

www.interpressnews.ge