ოთარ კიტეიშვილი ინგლისური კლუბებისთვის საინტერესო ფეხბურთელია და მზადაა, პრემიერლიგაში ითამაშოს, — ასე გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა Football League World-ი ინფორმაციას ქართველი მოთამაშით ინგლისური კლუბების დაინტერესების შესახებ.
„ავსტრიული მედიის ცნობით, „შტურმის“ შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, სავარაუდოდ, ინგლისის ჩემპიონატში ახლახან აღზევებულ ერთ-ერთ კლუბს შეუერთდება. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონის რიგებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალ გამოწვევას ეძებს და კლუბის შეცვლას გეგმავს.
„შტურმმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრიის ბუნდესლიგა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კი სწორედ კიტეიშვილი დასახელდა, რომელმაც 2024/2025 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 13 გოლი გაიტანა. მისი შეძენით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ.
„ლიდს იუნაიტედი“, „ბარნლი“ და „სანდერლენდი“ ის გუნდები არიან, რომლებიც კიტეიშვილის შესაძენად მზად არიან. ეს ამბავი „შტურმისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კიტეიშვილი ამ გუნდში შვიდი წელია თამაშობს და მთავარი ფიგურა გახდა. მიმდინარე სეზონში ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს — დებიუტი 21 წლის ასაკში ჰქონდა, 44 მატჩში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, პრემიერლიგის სეზონის დაწყებამდე კიტეიშვილის კალიბრის მოთამაშე ინგლისური კლუბებისთვის ნამდვილად მიმზიდველია. ის სწორედ ის ფეხბურთელია, ვის ხილვაც „ლიდსს“, „ბარნლის“ ან „სანდერლენდს“ ახალი სეზონის წინ სურთ“, – წერს გამოცემა.