ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და მისმა ქალიშვილმა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე “ვონსან-კალმას” საკურორტო კომპლექსი დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება.

ახალი ტურისტული ქალაქი ხუთკილომეტრიანი პლაჟის გასწვრივ, 2,5 კმ² ფართობზე მდებარეობს და 150 შენობას, მათ შორის, 54 სასტუმროს, მაღაზიებს, რესტორნებს, აკვაპარკს, კინოთეატრს, სტადიონსა და აეროდრომს მოიცავს.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, კომპლექსი სხვადასხვა მოთხოვნას ითვალისწინებს. კერძოდ, მცირებიუჯეტიან შენობებთან ერთად VIP-კოტეჯები და მრავალსართულიანი შენობებია საცურაო აუზებით. გავრცელებული ინფორმაციით, ვონსან-კალმა ერთდროულად 100 ათასამდე სტუმრის მიღებას შეძლებს. კურორტის მინუსი ის არის, რომ მახლობლად სარაკეტო პოლიგონია, სადაც ბალისტიკურ იარაღს ცდიან.

კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს „მდიდარი და მრავალფეროვანი ტურისტული რესურსი, რომლისაც მსოფლიოს შეშურდება.“ მისი თქმით, კიმგანსანის მთებსა და სამჯიონის რაიონში სხვა პროექტებიც მიმდინარეობს, რომლებიც “ვონსან-კალმასთან” ერთად ეკონომიკისა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას დაეხმარებიან, ხოლო "ქვეყნის სახეს სრულად შეცვლიან.”

ახალ კურორტზე, პირველ რიგში, რუსებს ელოდებიან. სპეციალურად მათთვის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტურისტულმა სააგენტომ, Korean International Travel Company-მ ადგილობრივი პლაჟების შესახებ გასულ წელს ვიდეო გამოაქვეყნა. ასევე, დიდ პოტენციურ ბაზრად ჩინელი ტურისტები განიხილება.

ამერიკელი ექსპერტი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, ჯეიკობ ბოგლი აცხადებს, რომ დასრულების შემდეგ “ვონსან-კალმა” მსოფლიოში ყველაზე დიდი საკურორტო კომპლექსი იქნება, რადგან “ერთი საკუთრებაში ამ მასშტაბის პლაჟის კურორტი არ არსებობს.”

ცნობისთვის: კურორტ “ვონსან-კალმას” მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი თავიდან მდიდარი ტურისტების მისაზიდად იყო გათვალისწინებული და, ცნობილი ესპანური კურორტის მიხედვით, “ჩრდილოკორეის ბენიდორმიც” ეწოდა, რაც კიმისა და მისი ჩინოვნიკების შთაგონების წყაროდ იქცა. პირველადი შეფერხებების შემდეგ მშენებლობა Covid-19-ის პანდემიის დროს მთლიანად გაჩერდა. სამუშაოები გასულ წელს განახლდა. ამჟამად კომპლექსი, თითქმის, დასრულებულია და მხოლოდ ინფრასტრუქტურის სრულყოფა, მათ შორის, წყლის გამწმენდი ნაგებობების მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

www.bpn.ge