კიევმა განიცადა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა. ასევე, ღამის განმავლობაში დაბომბეს ოდესა, ზაპოროჟიე, ჩერნიგოვი, ჟიტომირი, კროპივნიცკი, ნიკოლაევი და კიევის ოლქი. ასეთი თავდასხმები არის სუფთა ტერორიზმი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავდასხმის დროს 440-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 32 რაკეტა გამოიყენა.
„მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ საბოლოოდ უნდა უპასუხონ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება პასუხობს ტერორისტებს, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პუტინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ სურს ომის გაგრძელება.
„მას სურს ომის გაგრძელება. არასწორია, როცა მსოფლიო ამაზე თვალს ხუჭავს. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტებს ყველა პარტნიორთან ყველა შესაძლო დონეზე, რათა უზრუნველვყოთ ადეკვატური რეაქცია. ტკივილი უნდა იგრძნონ ტერორისტებმა და არა უდანაშაულო მშვიდობიანმა ადამიანებმა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ღამით კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ამასთან, ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 17 ადამიანი.