ბოსტნეულით, მარცვლეულით, ზეითუნის ზეთით და თევზით მდიდარი დიეტა ინსულტის რისკს 25%-ით ამცირებს. ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის მკვლევრები ამ დასკვნამდე მივიდნენ 100 000-ზე მეტი ქალის 21-წლიანი კვლევის საფუძველზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Neurology Open Access-ში.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა დიდი ხანია ასოცირდება ჯანსაღ ცხოვრების წესთან, მაგრამ ინსულტის ყველა ფორმაზე მისი გავლენის დამაჯერებელი მტკიცებულებები თითქმის არ არსებობდა. ახალი კვლევა ამ კავშირს აჩვენებს, თუმცა მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს.

აშშ-სა და საბერძნეთის მკვლევრების მიერ ჩატარებულ კვლევაში 105 614 კალიფორნიელი ქალი მონაწილეობდა. კვლევის დაწყებისას მათი საშუალო ასაკი 53 წელი იყო და არცერთს მადგანს ადრე არ გადაუტანია ინსულტი. მონაწილეებს ნულიდან ცხრამდე ქულა მიენიჭათ, ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვის მიხედვით. მაღალი ქულები მიენიჭათ მათ, ვინც საშუალოზე მეტ მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, პარკოსნებს, ზეითუნის ზეთს და თევზს მოიხმარდა და ვინც ზომიერად მოიხმარდა ალკოჰოლს. 

მონაწილეებს საშუალოდ 21 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მოწევა, ფიზიკური აქტივობის დონე და მაღალი არტერიული წნევა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ჯგუფში (ექვსიდან ცხრა ქულამდე) ქალებს ინსულტის საერთო რისკი 18%-ით დაბალი ჰქონდათ, ვიდრე ნულიდან ორამდე ქულის მქონე ქალებს. იშემიური ინსულტის - ტვინში სისხლის მიმოქცევის დაბლოკვით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული ტიპის - რისკი 16%-ით დაბალი იყო. ჰემორაგიული ინსულტის - რისკი, რომელიც ტვინში სისხლდენის შედეგად ვითარდება, 25%-ით შემცირდა.