„არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ განუხორციელებია ასეთი მასშტაბური რეფორმები ომის პირობებში. ეს ნათლად აჩვენებს უკრაინის გამორჩეულ ერთგულებას ევროკავშირის წევრობის გზაზე“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კი თქვა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გაწევრებასთან ყველაზე ახლოს მონტენეგროა და ქვეყანა მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას 2026 წლის ბოლოს აპირებს.

მისივე თქმით, კიდევ ერთი კანდიდატი ქვეყნის, ალბანეთის ამბიციაა, რომ მოლაპარაკებები 2027 წლის ბოლოს დაასრულოს. მოლდოვა და უკრაინა კი ამავეს 2028 წლისთვის ისახავენ მიზნად. რაც შეეხება სერბეთს – როგორც მარტა კოსი ამბობს, „სერბეთში ხელისუფლება კვლავ აცხადებს ევროკავშირში გაწევრებას თავის სტრატეგიულ მიზნად, მაგრამ სიტყვებს ქმედება უნდა მოჰყვეს“.

„ჩვენი კანდიდატები ამბიციურ მიზნებს ისახავენ. მონტენეგრო 2026 წლის ბოლოს აპირებს მოლაპარაკებების დასრულებას, ალბანეთი – 2027 წლის ბოლოს, ხოლო მოლდოვა და უკრაინა – 2028 წელს. პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამბიციები, ვიდრე თარიღები. კომისია მხარს უჭერს მათ – ამ ამბიციებს. შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე წელს ამ ოთხმა კანდიდატმა ქვეყანამ საკუთარი ამბიციები კონკრეტულ ქმედებებთან დააკავშირა. მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არის. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გაწევრების მიმართულებით – ბოლო წლებში მიიღო თვალსაჩინო შედეგები მოთხოვნილი რეფორმებით, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად, მონტენეგრო ყველაზე მეტად არის მზად ევროკავშირში შესასვლელად.

სერბეთში ხელისუფლება კვლავ აცხადებს ევროკავშირში გაწევრებას თავის სტრატეგიულ მიზნად, მაგრამ სიტყვებს ქმედება უნდა მოჰყვეს. რეფორმების განხორციელების რეალური ტემპი საგრძნობლად შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნება რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი – მაგალითად, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თვალსაზრისით – სერბეთმა უნდა უზრუნველყოს სანდო პროგრესი ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში არსებული ჩიხის გადასალახად. გამოხატვის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების უკუსვლა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ამასვე მოითხოვენ სერბეთის მოქალაქეებიც“, – განაცხადა მარტა კოსმა.

euronewsgeorgia.com