კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს დანიშნა.
კარნიმ განაცხადა, რომ მოითხოვა პარლამენტის დათხოვნა და 28 აპრილს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„მინდა, მივიღო ძლიერი, პოზიტიური მანდატი ჩემი თანამემამულე კანადელებისგან. კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი კანადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კანადაში ინვესტირება, კანადის აშენება, კანადის გაერთიანება. ამიტომ მე ვითხოვ ძლიერ, პოზიტიურ მანდატს ჩემი თანამემამულე კანადელებისგან“, – აღნიშნა კარნიმ.
კარნის განცხადებით, აშშ-თან სავაჭრო ომი არის „ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხე“.
„ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვდგავართ პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტისადმი მისი მუქარის გამო. მას სურს, დაგვამარცხოს, რათა ამერიკამ ჩვენი ქვეყანა დაისაკუთროს. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, ავსტრალიასთან ახალი შეთანხმება გააფორმა, გააძლიერა კანადის კავშირები საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოსთან, ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ.