კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.

კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარკ კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კარნიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი.

კარნიმ პირობა დადო, რომ ტრამპთან სავაჭრო ომს მოიგებს.

„ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კარნიმ.

კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ. ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა.

1tv.ge