ამერიკული კომპანიების პროდუქციისა და სერვისების ბოიკოტისკენ მოწოდებით, სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოდის, რაც აშშ-ს პრეზიდენტის სავაჭრო და საერთაშორისო პოლიტიკაზე რეაქციას წარმოადგენს.
„მე ახლახანს უარი ვთქვი „ნეტფლიქსსა“ და „დისნეი პლუს“-ზე. გრაფაში „გაუქმების მიზეზი“ ჩავწერე: „ამერიკული პროდუქციის ბოიკოტი“, - მურიელის ეს შეტყობინება გაზიარდა ფეისბუკ-ჯგუფში, სახელწოდებით „ბოიკოტი აშშ-ს: იყიდეთ ფრანგული!“, ანუ სოციალურ ქსელში, რომელიც ამერიკულ კომპანია „მეტას“ ეკუთვნის. ასეთი მიდგომა, ერთი შეხედვით, პარადოქსულიც კი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების ბოიკოტირებისკენ მოწოდებები კანადასა და ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში. მოქალაქეები, თანამდებობის პირები და კომპანიები ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს უკრაინის ომისა და აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის ტრამპისეული პოზიციის წინააღმდეგ.
მოძრაობა, რომელიც კანადაში დაიწყო და ევროპაში გავრცელდა
მოძრაობა პირველად დაიწყო კანადაში, რომელსაც 4 მარტიდან დონალდ ტრამპმა საბაჟო გადასახადები დაუწესა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ახალ ბინადარს სურს, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი გახდეს.
ადგილობრივი პროდუქტების შეძენისა და ქვეყნის ტერიტორიაზე დასვენებისკენ 3 თებერვლს თანამემამულეებს თავად კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ მოუწოდა. „დროა, ავირჩიოთ კანადური პროდუქტები და მხარი დავუჭიროთ კანადურ კომპანიებს. არსებობს მრავალი გზა, რომ ამ საქმეში წვლილი შევიტანოთ: შევამოწმოთ ეტიკეტები სუპერმარკეტში და კანადაში წარმოებული პროდუქტები შევიძინოთ; კენტუკის ბურბონის ნაცვლად, უპირატესობა კანადურ ვისკის მივანიჭოთ, ან უარი ვთქვათ ფლორიდული ფორთოხლის წვენზე“, - განაცხადა მან.
ბოიკოტისკენ მოწოდებამ კანადის საზოგადოებაში ფართო გავრცელება ჰპოვა: სოციალურ ქსელებში ვრცელდება იმ ამერიკული პროდუქტების სია, რომელთა შეძენისგანაც თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ზოგიერთი პროვინცია დაიმუქრა, რომ მათ კონტროლს დაქვემდებარებულ მაღაზიებში ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას შეწყვეტს. „ფორბსის“ ცნობით, სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ აშშ-ს ტურისტული ასოციაცია 2.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს ვარაუდობს იმ შემთხვევაში, თუ კანადელები აშშ-ში მოგზაურობას გააუქმებენ.
ბოიკოტისკენ მიმართული მოძრაობა, კანადის შემდეგ, ევროპაშიც გავრცელდა. 3 თებერვალს საფრანგეთში შეიქმნა ჯგუფი „Boycott varer fra USA“ („ბოიკოტი აშშ-ს პროდუქციას“), როგორც საპასუხო რეაქცია „დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომზე“. ჯგუფში 60 ათასზე მეტი წევრია. ეს არის სივრცე, სადაც ხდება რჩევების გაცვლა და ამერიკული პროდუქტების ჩასანაცვლებელი ევროპული ბრენდების სახელების გაზიარება.
19 თებერვალს მსგავსი ფეისბუკ-ჯგუფი შვედეთშიც შეიქმნა. მას დაახლოებით 55 000 ინტერნეტ-მომხმარებელი შეუერთდა. ჯგუფის ადმინისტრატორების თქმით, ინიციატივა იმ სამყაროს მიმართ „იმედგაცრუებიდან“ დაიბადა, რომელიც 2025 წლის 20 იანვრიდან, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღიდან, „გაცილებით უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი გახდა“.
ვაშინგტონსა და კიევს შორის დაძაბულობის ესკალაციის შემდგომი ზრდა
28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილოეთ საფრანგეთში სვიის მწარმოებელმა, ედუარდ რუსეზმა, იმავე მოდელის მიხედვით, ფეისბუკ-ჯგუფი შექმნა. „მოგბეზრდათ ამერიკელების იმპერიალისტური ექსცესების დაფინანსება? იმოქმედეთ. აქ ჩვენ ვაორგანიზებთ ფრანგული და ევროპული ეკონომიკის მხარდაჭერას, აშშ-ს პროდუქტების ბოიკოტირების გზით. პრიორიტეტს ადგილობრივ, ფრანგულ წარმოებას და ჩვენს ეკონომიკურ სუვერენიტეტს ვანიჭებთ“, - ნათქვამია რუსეზის ფეისბუკ-ჯგუფის მიზნების ანოტაციაში, რომელიც 9 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. „მე მოქმედებას ვაპირებ და მინდა, ჩემი ემოციები გავუზიარო სხვა ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით რაიმეს გაკეთება სურთ. შეიძლება იარაღი არ გვქონდეს, მაგრამ გვაქვს საფულე“, - აღნიშნა ედუარდ რუსეზმა ტელეარხ „France 3“-თან საუბარში.
Breizh Cola, კოკა-კოლას ნაცვლად; Quick-ის (ბელგიაში არსებული ქსელი - რედ.) ბურგერი, მაკდონალდის ნაცვლად; ფრანგული ყავა Columbus-ი, სტარბაქსის ნაცვლად; საფრანგეთში დამზადებული საფენები, პამპერსის ნაცვლად... ინტერნეტ მომხმარებლები აზიარებენ თავიანთ იდეებს, რომლებიც ყოველდღიურ მოხმარებაში ამერიკული ბრენდების ჩანაცვლებას შეეხება. საავტომობილო სფეროში აშკარა სამიზნეს წარმოადგენს ელონ მასკის მიერ შექმნილი „ტესლას“ მანქანები. გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის შემდეგ კი, პოლონეთის ტურიზმის მინისტრმა, სლავომირ ნიტრასმა განაცხადა, რომ „აუცილებელია მტკიცედ რეაგირება, მაგალითად, ბოიკოტის გზით".
ამასთან, ინტერნეტ-მომხმარებლები გამოდიან ერთმანეთისადმი მოწოდებით, მასობრივად გავიდნენ ისეთი ონლაინ-პლატფორმებიდან, როგორიცაა ონლაინ-შოპინგის საიტი „ამაზონი“, ვიდეო-მოთხოვნების სერვისი „ნეტფლიქსი“, ასევე ამერიკული სოციალური ქსელები „ინსტაგრამი“, „ფეისბუკი“, „ვოტსაპი“ და „იქსი“, ანუ ყოფილი „ტვიტერი“, რომელიც ილონ მასკმა შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა და ხშირად გაისმის, ამერიკული კომპანიების გაყიდვებზე მათი გავლენის შეფასება ამ ეტაპზე მაინც რთულია. ამასთან, გვხვდება სიფრთხილისკენ მოწოდებებიც, რადგან სამიზნე ბრენდების პროდუქცია (განსაკუთრებით, აგროსასურსათო სექტორში) ზოგჯერ ფრანგულ საწარმოებში ფრანგი პერსონალის მიერ იწარმოება.
წყარო: 1 არხი