Galt&taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა. მიუხედავად ფასის შედარებით მცირე ცვალებადობისა, თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა ინდუსტრიისთვის.

„სიახლეები ძირითადად რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდანაა. ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. რუსეთ-უკრაინის ხუთწლიანი შეთანხმება გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. განცხადებების მიხედვით, არც უკრაინა და არც ევროკავშირი კონტრაქტის გახანგრძლივებით დაინტერესებული არაა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე გააფორმა LNG-ის შესყიდვის ხელშეკრულება ამერიკულ კომპანიასთან. უკრაინისთვის ახალი მიწოდების წყაროს გაჩენასთან ერთად, ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპის (და მთლიანად ევროპის) ენერგო უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

ევროკავშირის ბაზრის დაკარგვის შემდეგ რუსეთს კვლავ უჭირს სტაბილური და მსხვილი მომხმარებლის მოძიება. ჩინეთთან Power of Siberia 2 პროექტზე საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ ნაადრევია. დამატებით, ევროკავშირი კრძალავს მისი ტერიტორიიდან რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) რეექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაჭრობა რუსული LNG ექსპორტის მცირე წილს იკავებდა, აკრძალვა მაინც შეასუსტებს ზოგიერთ ბაზართან კავშირს. ამასთან, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი ბუნებრივი აირის ჩრდილოვანი ფლოტის შექმნას ცდილობს. მსგავსი მანევრი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აქამდეც გამოიყენებოდა, LNG-ის შემთხვევაში კი შედარებით რთული იქნება. პირველ რიგში, LNG-ის გადამზიდი გემები ბევრად მცირეა ნავთობმზიდების რაოდენობასთან შედარებით. დამატებით, ერთი ტანკერიდან ნავთობის მეორეში გადატანა შუა ოკეანეშივეა შესაძლებელი, რაც მისი წარმომავლობის დამალვას ამარტივებს. LNG-ის შემთხვევაში იგივე პროცესი თითქმის შეუძლებელია.

წლის დასაწყისში, კლიმატის აქტივისტების გავლენით, ბაიდენის ადმინისტრაციამ LNG-ის ექსპორტისთვის ახალი ლიცენზიების გაცემა შეაჩერა. ადმინისტრაციის განცხადებით, არსებულ ლიცენზიებსა და სტრატეგიული პარტნიორების გაზის მოთხოვნას საფრთხე არ ემუქრებოდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები კი თვლიდნენ, რომ გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებდა აშშ-ს მიმართ ნდობაზე. 2024 წლის ივლისის დასაწყისში ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „უმიზეზო“ უწოდა და შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ ლიცენზიებზე დაუყონებლივ არ იმოქმედებს, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია გლობალური გაზის ინდუსტრიისთვის“, - ნათქვამია მიმოხილვაში.