იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ ცდილობდა ჯეფრი ეპშტეინი დაკავშირებოდა რუსეთის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ეპშტეინმა ნორვეგიელ პოლიტიკოსს თორბიორნ იაგლანდს მისწერა: „ვფიქრობ, შეიძლება შესთავაზო პუტინს, რომ ლავროვს ჩემთან საუბრით შეუძლია, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოს. ვიტალი ჩურკინი ამას აკეთებდა, მაგრამ გარდაიცვალა“.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ჯეფრი ეპშტეინი რეგულარულად ხვდებოდა გაერო-ში რუსეთის ელჩს, ვიტალი ჩურკინს ნიუ იორკში, რომელიც 2017 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ეპშტეინი რამდენჯერმე ცდილობდა პუტინთან შეხვედრას. 2013 წლის მაისში იგი სთხოვდა იაგლანდს, გადაეცა პუტინისთვის, რომ მას შეეძლო დახმარება რუსული გარიგებების სტრუქტურირებაში დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად.
დოკუმენტებში ასევე ჩანს ეპშტეინის კავშირი სერგეი ბელიაკოვთან, რომელმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, 1999 წელს დაამთავრა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია მოსკოვში. ეპშტეინი მას „ძალიან კარგ მეგობარს“ უწოდებდა.
მიმდინარე კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გამოძიებას დაიწყებს ეპშტეინის შესაძლო კავშირებზე რუსულ დაზვერვასთან. კრემლში უარყვეს ვარაუდი, რომ ჯეფრი ეპშტეინი რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა.