აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ისრაელი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია "სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე" შეთანხმდნენ, რის ფარგლებშიც ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს.
"ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გამოვაცხადო: ისრაელმა და ჰამასმა ორივემ ხელი მოაწერა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი მათ სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯები იქნება მტკიცე, გამძლე და სამუდამო მშვიდობისკენ.
ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან! ეს დიდი დღეა არაბი და მუსლიმი სამყაროსთვის, ისრაელისთვის, გარშემო მყოფი ყველა ერისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
ჩვენ მადლობას ვუხდით შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, რათა ეს ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა შესაძლებელი გამხდარიყო. დალოცვილები არიან მშვიდობისმყოფელები!" - დაწერა ტრამპმა.
სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა, სადაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (ტრამპის სიძე) 8 სექტემბერს ჩავიდნენ.
ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლების გარდა, მოლაპარაკებებში კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ გაგზავნილი შუამავლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გამოცემა Axios-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება ტრამპის მიერ გასულ კვირას გამოცხადებულ 20-პუნქტიან გეგმას.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ შესათანხმებელი რჩება ისეთი საკამათო საკითხები, როგორებიცაა ჰამასის განიარაღება და სამომავლოდ ღაზის სექტორის მმართველობითი სტრუქტურა.
ამასთან, Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასი ღაზაში დარჩენილ ცოცხალ მძევლებს შაბათს გაათავისუფლებს. Axios-ის მიხედვით, მძევლების გათავისუფლება ისრაელის კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 72 საათში მოხდება.