მსოფლიო სასურსათო პროგრამა აცხადებს, რომ ისრაელის მიერ თითქმის 8-კვირიანი ბლოკადის გამო ღაზის სექტორში ორგანიზაციას საკვების მარაგი ამოეწურა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასიათასობით პალესტინელისთვის საკვების მიღების მთავარი წყარო გადაიკეტება.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან თავისი მარაგების ბოლო ნაწილი ღაზის სექტორში მოქმედ ჰუმანიტარულ სასადილოებს გადასცა და რომ ამ სასადილოებს საკვები უახლოეს დღეებში დაუმთავრდებათ.

გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორის მცხოვრები 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაახლოებით 80% საკვებს ძირითადად ჰუმანიტარული სასადილოებისგან იღებს, რადგან ისრაელის ბლოკადის გამო სხვა წყაროები გადაიკეტა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP ) 47 ასეთ სასადილოს ამარაგებს, რომლებიც დღეში 644 000 ცხელ კერძს არიგებენ - განუცხადა Associated Press-ს WFP-ის წარმომადგენელმა, აბირ ეტეფამ.

ისრაელმა 2 მარტს განაახლა სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიაზე, - რითაც დაარღვია კვირების მანძილზე არსებული შედარებითი სიმშვიდე, რომელიც მოჰყვა ცეცხლის მყიფე შეწყვეტას, - და ღაზაში საკვების, საწვავის, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების მიწოდება დაბლოკა.

ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი ოპერაციები მიზნად ისახავს ზეწოლას ჰამასზე (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომელიც აკონტროლებს ღაზას, და აიძულებს მას გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები მას შემდეგ, რაც ზავის გახანგრძლივებაზე შუამავლებთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა ბლოკადა „შიმშილის ტაქტიკად“ და პოტენციურ სამხედრო დანაშაულად შეაფასეს.

საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, როცა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა და ისინი ღაზაში წაიყვანეს.

წყარო: რადიო თავისუფლება