ირანში ინტერნეტსა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე წვდომა შეზღუდულია.  ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ  ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია. გავრცელებული ცნობებით, შეზღუდვა საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც ეხება.

ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ადამიანებმა შეძლეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოყენება, თუმცა მთავრობა მის დაბლოკვასაც ცდილობს.

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა.

BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.

გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას სერიოზულად განიხილავს.

ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება.

ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია.

წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.

ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.

გამოცემა Economist-თან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას მისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, შეერთებული შტატები ჩაერევა. აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი თავისუფლებას ეძებს და აშშ მზად არის დახმარებისთვის.

ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. 

tvpirveli.ge