აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან დღეს დილით სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან, რომლის დროსაც მხარეებმა ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
,,დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი, პატივსაცემი ლიდერია. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ვაჭრობაზე და რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა და ბევრად მეტი შეიძინოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და პოტენციურად, ვენესუელისგან. ეს დაეხმარება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, სადაც ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი იღუპება!”,- აღნიშნა ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულება იყო. მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მოდი დათანხმდა რუსეთისგან ნავთობის შეძენის შემცირებას და სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოტენციურად ვენესუელისგან ნავთობის უფრო დიდი მოცულობით შესყიდვას, რაც, ტრამპის შეფასებით, ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-სა და ინდოეთს შორის ახალ სავაჭრო გარიგებაზე. შეთანხმების მიხედვით, შეერთებული შტატები ინდოეთთან ორმხრივ ტარიფს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს, ხოლო ინდოეთი აიღებს ვალდებულებას, ეტაპობრივად ნულამდე დაიყვანოს აშშ-ის წინააღმდეგ არსებული ტარიფები და არატარიფული ბარიერები.
,,პრემიერ-მინისტრ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო გარიგებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ ორმხრივ ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე დაწევს. ისინი, თავის მხრივ, გადადგამენ ნაბიჯებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად",- აღნიშნა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.
ტრამპის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მოდიმ ასევე გამოხატა მზადყოფნა, გააძლიეროს კამპანია „იყიდე ამერიკული“ და გამოყოს 500 მილიარდ დოლარზე მეტი აშშ-ის ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ნახშირისა და სხვა სექტორების პროდუქციის შესაძენად.