მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას მილიონობით დოლარით დააფინანსებს. როგორც Wall Street Journal წერს, მასკი მზადაა, ტრამპის კამპანიას ყოველთვიურად $45 მლნ შესწიროს.

მასკი ამ თანხას პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს. მანამდე სააგენტო Bloomberg­-ი წერდა, რომ მასკმა ამ ორგანიზაციას საიდუმლოდ უკვე გადაურიცხა სოლიდური თანხა.

როგორც Bloomberg­-ი  წერს, America PAC-ი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული, თუმცა კულისებიდან მუშაობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ. კერძოდ, ატარებს ამომრჩევლების აგიტაციას და მედიაში მასალების განთავსებას კურირებს.

Wall Street Journal-ის ცნობით, America PAC-ი არეგისტრირებს ამომრჩევლებს ე.წ. მერყევ შტატებში და მოუწოდებს მათ, საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, ხმის მიცემის დღემდე დააფიქსირონ.

პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტს აშშ-ში უწოდებენ ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დამფინანსებელ დონორებს. ამ კომიტეტებში გადასარიცხი თანხის ოდენობა შეზღუდული არ არის.

წყარო: პირველი არხი