იცით თუ არა, რომ USAID-ი, თქვენი გადასახადებიდან დოლარების გამოყენებით, აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? – დაწერა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსში“.
ამასთან, მან გააზიარა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელშიც ის USAID-ს „აშშ-ი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფიქტიურ ორგანიზაციას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ სააგენტომ 53 მილიონი დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, რომელმაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოიყენა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების კვლევების მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, მასკმა გააზიარა მრავალი ტვიტი, რომლებშიც მომხმარებლები მხარს უჭერენ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის განზრახვას და სააგენტოს უწოდებენ „ისტორიაში ყველაზე გიგანტურ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციას“.
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ USAID-ის ორი მაღალი თანამდებობის პირი პირველ თებერვალს უხელფასო შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს მასკის ხელმძღვანელობით არსებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სააგენტოს სისტემებზე წვდომის მიცემაზე. CNN-ის წყაროების თქმით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სურდათ შეღწევა USAID-ის შტაბ-ბინაში, ვაშინგტონში და წვდომის მიღება სააგენტოს უსაფრთხოების სისტემებსა და საიდუმლო ინფორმაციაზე.
ცნობისთვის, USAID-ი მხარს უჭერდა მრავალ ჰუმანიტარულ პროგრამას მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის დღეს დონალდ ტრამპმა 90 დღით შეაჩერა USAID-ის დახმარება უცხო ქვეყნებისთვის, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს.