ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. Human Rights Activists News Agency (HRANA) ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.
ეს მაჩვენებელი წინა მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია - ორგანიზაცია 203 გარდაცვლილზე საუბრობდა.
Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა.
BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.
გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას განიხილავს.
ირანის პარლამენტის სპიკემა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელი, IRIB-ი - ერთ-ერთი იმ რამდენიმე მედიასაშუალებიდან, რომლებისთვისაც ინტერნეტი კვლავაც ხელმისაწვდომია - აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს ცხედრებს თეირანში მდებარე საწყობის დიდ შენობაში, თუმცა მაუწყებელი ადამიანების სიკვდილს "დემონსტრანტებს" აბრალებს.
რეპორტაჟში დაკონკრეტებული არ არის თეირანის უბანი, საწყობის მდებარეობა, ან სხვა დეტალები.
რეპორტაჟი 11 იანვარს გავრცელდა. წინა ღამით რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა მიიღო ფოტომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, თეირანის ერთ-ერთი კლინიკის სიახლოვეს და მორგში იყო გადაღებული და რომელიც რამდენიმე მოკლულ ადამიანს ასახავდა, მათ შორის ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. მოკლულთა ამოცნობისთვის ადგილზე იმყოფებოდნენ ნათესავები.
კიდევ სხვა ჩანაწერში ჩანს ოჯახები, რომლებიც დიდ დარბაზში, ათობით ცხედარს შორის ეძებენ თავიანთ ახლობლებს.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ანალიზით, ერთ ადგილას ცხედრების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია გარკვეული ვარაუდის საფუძველს ქმნის სამთავრობო ძალების მხრიდან დემონსტრანტებზე ზეწოლის მსხვერპლთა მთელი მასშტაბის თაობაზე.
11 იანვარს გავრცელებულ სიუჟეტში IRIB-ი ადასტურებს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა მოკლულთა "უმრავლესობის" სიკვდილს მიაწერს ხელისუფლების ოპონენტებს. მაუწყებლის კორესპონდენტი მტკიცებულების გარეშე ამბობს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა "სამთავრობო ძალებს არ მოუკლავთ", თუმცა ასევე აღიარებს, რომ "მათ შორის შესაძლოა, იყვნენ ინდივიდები, რომლებიც აპირებდნენ სამართალდამცავებთან დაპირისპირებას".
11 იანვარს ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გავრცელებული მასალები "მიანიშნებს დემონსტრანტთა გავრცელებულ ხოცვაზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით თეირანში".
ნორვეგიაში განთავსებული ეს ორგანიზაცია ამბობს, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია სულ მცირე 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა პირი არასრულწლოვანი იყო.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.