„ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შემთხვევაში, ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ირანს მიადგება“ - როგორც ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა, მსოფლიოში არავინ მათ ამ სრუტის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს.

„მსოფლიოში არავინ ამის საშუალებას მათ არ მისცემთ, რადგან წარმოების უმეტესობა ჯერ კიდევ ნავთობზე დგას, მათ შორის ჩინეთისაც. ეს რომ მოხდეს, მთელი მსოფლიოს რისხვა დაატყდებათ იმ გემებს, რომლებიც მის გადაკეტვას შეეცდებიან. ირანის საჰაერო ძალების განადგურების შემდეგ, ჯერი საზღვაო ძალების განადგურებაზე მივა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ხმამაღალი განცხადებები უყვართ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სხვანაირად ვხედავთ ყველაფერს.

„ეს გამოჩნდა ამერიკული ბაზების დაბომბვის შემთხვევაშიც, უფრო ხმამაღალი ამბები იყო და სხვა შედეგები დადგა, ამიტომ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანია, ვუყუროთ არა იმას, რას ამბობენ, არამედ იმას, რაც ხდება ადგილზე“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა დაამტკიცოს. თეირანში ამბობენ, რომ ნავთობტანკერები აღნიშნული მარშრუტით ევროპაში ვეღარ გაივლიან.

ცნობისათვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ზღვასთან, შემდეგ კი ღია ოკეანესთან აკავშირებს. Bloomberg-ის მონაცემებით, ყოველდღიურად სრუტის გავლით ირანიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის, დაახლოებით, მეოთხედი ხორციელდება. Financial Times-მა ეს მაჩვენებელი 21%-ით შეაფასა.

www.bpn.ge