გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის, – ამის შესახებ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

წერილს ხელს აწერენ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

ლიდერების განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად უნდა შეთანხმდეს, ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად. მათივე თქმით, მხოლოდ დანიასა და გრენლანდიას შეუძლიათ, გადაწყვიტონ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები.

„არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატო-მ ნათლად განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტულია და ევროპელი მოკავშირეები აქტიურობენ.
ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა, აქტივობები და ინვესტიციები, რათა შევინარჩუნოთ არქტიკის უსაფრთხოება და შევაკაოთ მოწინააღმდეგეები. დანიის სამეფო, მათ შორის გრენლანდია, ნატო-ს ნაწილია.

ამიტომ, არქტიკაში უსაფრთხოება მიღწეული უნდა იქნას კოლექტიურად, ნატო-ს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვით. ეს არის უნივერსალური პრინციპები და ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დაცვას.

შეერთებული შტატები ამ საქმეში აუცილებელი პარტნიორია, რომელიც ნატო-ს მოკავშირე და დანიის სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების მეშვეობით მიიღეს. გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიას, მხოლოდ მათ შეუძლიათ, გადაწყვიტონ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge