Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსებმა შეამცირეს ნავთობის ფასების პროგნოზები მიმდინარე და მომდევნო წლებში და აღნიშნეს, რომ ისინი ელიან გლობალური მოთხოვნის შესუსტებას სავაჭრო ომების ესკალაციის, ასევე OPEC+ ქვეყნების მიერ მიწოდების გაზრდის გამო.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ორი ფაქტორი, რომელიც ადრე ამცირებდა ბაზრის დაღმასვლის რისკს - რეცესიის სუსტი შესაძლებლობა და OPEC-ის სურვილი, Brent-ის ფასის 70 დოლარის პირობებში შეზღუდოს წარმოება აღარ მოქმედებს.
Brent-ის საშუალო ფასის პროგნოზი მიმდინარე წელს 5,5%-ით შემცირდა, ბარელზე 69 დოლარამდე, WTI-ს 4,3%-ით, 66 დოლარამდე ბარელზე.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იმპორტზე დიდი ტარიფების დაწესების შესახებ მზარდი შეშფოთება გამოიწვია გლობალური ეკონომიკის პერსპექტივაზე, ისევე როგორც ნავთობზე მოთხოვნილებაზე.
იმავდროულად, ხუთშაბათს, OPEC+-ის წევრმა რვა ქვეყანამ გადაწყვიტა დააჩქაროს ადრე მიღებული შეზღუდვების მოხსნა ნავთობის მოპოვებაზე 2,2 მილიონი ბარელი დღეში და მაისიდან გაზარდოს წარმოება დღეში 411 ათასი ბარელით.
Goldman-ის პროგნოზი Brent-ის საშუალო ფასზე 2026 წლისთვის გაუარესდა 9%-ით, 62 დოლარამდე ბარელზე, WTI-სთვის - 6,3%-ით, 59 დოლარამდე ბარელზე.
ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობის ფასების პროგნოზები შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, განსაკუთრებით 2026 წლისთვის, ძირითადად რეცესიის მზარდი რისკის გამო.
Goldman ახლა ელოდება, რომ გლობალური ნავთობის მოთხოვნა გაიზრდება 600,000 ბარელით დღეში (b/d) წელს და არა 900,000 ბარელი/დღეში, როგორც ადრე იყო პროგნოზირებული. მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის არის 700 ათასი ბარელი დღეში.